ისრაელმა რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას ჰამასს შესთავაზა ორთვიანი ცეცხლის შეწყვეტა ღაზას სექტორში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ეს წინადადება ჰამასს ეგვიპტისა და კატარის შუამავალმა წარმომადგენლებმა გადასცეს.
წინადადება მოიცავს ყველა მძევლის გათავისუფლებას და გარდაცვლილ მძევალთა ცხედრების დაბრუნებას. პირველ ეტაპზე უნდა გათავისუფლდნენ 60 წელს უფროსი კაცებისა და ქალების, ასევე ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მძევლები. შემდეგი ეტაპი კი მოიცავს ყველა სხვა მძევლის, მათ შორის ქალი სამხედროების, 60 წლამდე ასაკის ადამიანებისა და ისრაელის სამხედროების გათავისუფლებას.
გარდა ამისა, წინადადება მოიცავს ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გადაჯგუფებას, კერძოდ, მათი ქვედანაყოფების გაყვანას ღაზას სექტორის ძირითადი დასახლებული პუნქტებიდან. ეს საშუალებას მისცემს პალესტინელ სამოქალაქო პირებს თანდათანობით დაბრუნდნენ ქალაქ ღაზაში და სექტორის ჩრდილოეთ ნაწილებში.
წინადადება ასევე მოიცავს პალესტინელი პატიმრების რაოდენობაზე შეთანხმების შესაძლებლობას, რომლებიც გათავისუფლდებიან ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ. თუმცა, წინადადება ნათლად აჩვენებს, რომ ისრაელი არ დათანხმდება სამხედრო ოპერაციის დასრულებას ან ისრაელის ციხეებიდან 6000-ვე პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას.
გამოცემის ინფორმაციით, ისრაელის ოფიციალური პირები ახლა ჰამასის პასუხს ელიან.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ჰამასმა განახორციელა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.
ტერორისტები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, დახოცეს ასეულობით ადამიანი და მძევლად აიყვანეს. ამ ხოცვა-ჟლეტას 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ისრაელში. პალესტინური მხარის ინფორმაციით, ისრაელის საპასუხო შეტევებს 25 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.