თურქეთის პარლამენტი 23 იანვარს კენჭს უყრის ნატო-ში შვედეთის გაწევრიანებას იუწყება CNN Turk.
მედიის ცნობით, შესაბამისი პროტოკოლის პროექტი უკვე შეტანილია თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის სხდომის დღის წესრიგში.
აღნიშნულია, რომ იმავე დღეს თურქეთის პარლამენტში მოსმენები გაიმართება ალიანსში შვედეთის გაწევრიანების განაცხადის მხარდაჭერის აუცილებლობის შესახებ, რის შემდეგაც დეპუტატები ფარულ კენჭისყრაზე გადავლენ.
Bloomberg-ის თანახმად, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სამართლიანობისა და განვითარების პარტია (AKP), რომელსაც აქვს ხმების აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში, მხარს დაუჭერს პოზიტიურ გადაწყვეტილებას.
2023 წლის 26 თებერვალს თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომისიამ დაამტკიცა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის პროტოკოლი.
შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წელს შეიტანა. ალიანსის ყველა ქვეყანამ მოახდინა მისი გაწევრიანების რატიფიცირება, გარდა თურქეთისა და უნგრეთის. ანკარამ სტოკჰოლმს დაუწესა პირობები, რომლითაც ის მზადაა მოახდინოს ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების რატიფიცირება. საუბარი იყო ფინეთისა და შვედეთის პოლიტიკის გადახედვის აუცილებლობის შესახებ ქურთი აქტივისტებისა და თურქი ოპოზიციონერებისთვის თავშესაფრის მიცემასთან დაკავშირებით, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება ტერორისტებად მიიჩნევს.