საფრანგეთის ქალაქებში გაიმართა ხალხმრავალი საპროტესტო აქციები ახალი საიმიგრაციო კანონის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე კვირის წინ დაამტკიცა ეროვნულმა ასამბლეამ და სენატმა.
ახალი კანონი, რომელიც ამკაცრებს საფრანგეთის საიმიგრაციო პოლიტიკას, ელოდება საკონსტიტუციო საბჭოს დასკვნას, რომელმაც უნდა თქვას, ეწინააღმდეგება თუ არა საფრანგეთის კონსტიტუციის სულისკვეთებას.
საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილება 25 იანვარს უნდა გამოქვეყნდეს.
კანონის წინააღმდეგ აქციები გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით - პარიზში, სტრასბურგში, ლიონში, ნანტში, ბორდოში და სხვა ქალაქებში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქციის მონაწილეთა რაოდენობამ 75 000 ადამიანი შეადგინა, მათ შორის პარიზში - 16 000. ორგანიზატორების შეფასებით, კი აქციებზე 150 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.
კანონის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ იგი ზღვარგადასულ დათმობებზე წავიდა მემარჯვენე ძალებთან და მისი ზოგიერთი დებულება ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს.
ახალი კანონის თანახმად, გამარტივდება არალეგალური მიგრანტების გაძევება, იკვეცება მიგრანტებისთვის აქამდე არსებული სოციალური შეღავათები, რთულდება მიგრანტთა ოჯახების გაერთიანება. იგი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.