ისრაელის თავდაცვის ძალები განაგრძობს მასირებულ იერიშს ღაზის სექტორში. სამხედრო ძალის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ქალაქ ხან იუნისის გარშემო რეგიონის სამხრეთით, სადაც ისრაელის არმიამ გააძლიერა შეტევა ტერორისული დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხან იუნისში სამხედრო კომპლექსი დაბომბა და გაანადგურა სარაკეტო დანადგარები, მათივე ცნობით, აღმოაჩინეს მიწისქვეშა ასაფეთქებელი მოწყობილობები. ინტენსიური ბრძოლები იყო ღაზის სექტორის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჯაბალიას რაიონშიც.
„ჰამასის“ მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის თავდასხმებს 165 ადამიანი ემსხვერპლა და 280 დაშადა
ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰში ისრაელის თვითმფრინავებმა ჩამოყარეს ბროშურები, რომლითაც მოსახლეობას მოუწოდებდნენ მიაწოდონ ინფორმაცია „ჰამასის“ მძევლების შესახებ. ბროშურებში გატაცებული ისრაელელი მძევლების ფოტოებთან ერთად მითითებულია კოორდინატები, სადაც შესაძლებელია მათი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის გადაცემა. სანაცვლოდ ღაზის სექტორის მცხოვრებლებს სთავაზობენ ჯილდოს.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ომს „ჰამასის“ განადგურებამდე და დარჩენილი მძევლების გათავისუფლებამდე.