ევროკავშირის საგარეო ქმედება სამსახურმა შეიმუშავა ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტის მოგვარების 10-პუნქტიანი გეგმის წინასწარი ვერსია. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს, რომელმაც ნახა აღნიშნული დოკუმენტი.
მედიის ცნობით, ეს გეგმა 22 იანვარს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "აქტიური საერთაშორისო მონაწილეობის გარეშე" კონფლიქტის მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ.
გეგმის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია მომზადება სამშვიდობო კონფერენციისა ევროკავშირის, აშშ-ის, ეგვიპტის, იორდნიის, საუდის არაბეთის, არაბული სახელმწიფოების ლიგისა და გაეროს მონაწილეობით.
აღნიშნულია, რომ კონფერენციის მონაწილეებს ექნებათ ერთწლიანი ვადა, რათა მოამზადონ სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო, რომელიც წარედგინება კონფლიქტის მხარეებს საბოლოო მოლაპარაკებებისთვის.
გეგმის თანახმად გათვალისწინებულია ქმედებები, რომელმაც საბოლოო მშვიდობა უნდა დაამყაროს ღაზას სექტორში, შექმნას დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფო, მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის და უზრუნველყოს გრძელვადიანი უსაფრთხოება რეგიონში.
"სამშვიდობო გეგმის არსებითი ელემენტი უნდა იყოს ისრაელისა და მომავალი დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება, რაც განპირობებული იქნება რეგიონში ისრაელისა და პალესტინის სრული დიპლომატიური აღიარებითა და ინტეგრაციით", - ნათქვამია წინადადებაში.
ასევე, ხაზგასმულია, რომ კონფერენციაზე ღაზას სექტორი და დასავლეთ სანაპირო (West Bank) წარმოდგენილი უნდა იყოს პალესტინის ადმინისტრაციისა და პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის და არა „ჰამასის“ მიერ, რომელიც ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტული ორგანიზაციად არის გამოცხადებული.
ევროკავშირის ქვეყნები და აშშ მიიჩნევენ, რომ პალესტინური სახელმწიფოს შექმნა ერთადერთი რეალური გზაა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ისრაელი ჯერჯერობით წინააღმდეგია პალესტინური სახელმწიფოს შექმნისა.