ჰოლივუდის ცნობილი მსახიობისა და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორის, არნოლდ შვარცნეგერის საათი ავსტრიის ქალაქ კიცბუელში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 270 ათას ევროდ გაიყიდა.
თანხა გადაირიცხება ფონდში, რომელიც კლიმატის დაცვის ღონისძიებებს მიმართავს.
რამდენიმე დღის წინ, მედია იუწყებოდა, რომ შვარცნეგერი საათის გამო მიუნხენის აეროპორტში რამდენიმე საათით დააკავეს. შვარცნეგერმა, რომელიც ლოს ანჯელესიდან მიუნხენში ჩაფრინდა, არ მოახდინა ძვირადღირებული საათის დეკლარირება, რაც საბაჟო წესების დარღვევად მიიჩნევა.
მედიის ცნობით, საათი უნიკალურია და ის შვეიცარიულმა კომპანიამ Audemars Piguet-მა დაამზადა. აუქციონზე მისი საწყისი ღირებულება 50 000 ევრო იყო.
ვარაუდობენ, რომ საათის ასეთ მაღალ ფასად გაყიდვა გარკვეულწილად განაპირობა საბაჟოზე მომხდარმა ინციდენტმა.
როგორც იუწყებიან, საათის არადეკლარირების გამო, შვარცნეგერს გერმანიის საბაჟოსთვის 35 ათასი ევროს გადახდა მოუწია.