ნიუ მექსიკოს სასამართლომ მსახიობ ალეკ ბოლდუინს არაგანზრახ მკვლელობის საქმეზე კვლავ წაუყენა ბრალი. ნიუ მექსიკოს შტატის კანონმდებლობა, ადამიანის არაგანზრახ მკვლელობისთვის 18 თვემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იუწყება BBC
2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ ტყვიას, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.
ჰალინა ჰატჩინსის არაგანზრახ მკვლელობის ბრალდება ალეკ ბოლდუინს 2023 წლის 21 აპრილს მოუხსნა ნიუ-მექსიკოს შტატის პროკურატურამ. თუმცა, მოგვიანებით, უწყებამ განაცხადა, რომ გამოვლენილია დამატებითი ფაქტები.
იარაღის განმეორებითმა ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბოლდუინს მისი გასროლა შეეძლო მხოლოდ მას შემდეგ, თუკი ის ჩახმახს გამოჰკრავდა თითს. მანამდე მსახიობი ირწმუნებოდა, რომ მას ეს არ გაუკეთებია: „არ ვიცი რა მოხდა გადასაღებ მოედანზე, მე არ გამომიკრავს ჩახმახისთვის, არ ვიცი, საბრძოლო ვაზნა როგორ აღმოჩნდა ამ რევოლვერში, არ ვიცი", - თქვა ბოლდუინმა ტელეკომპანია ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ბოლდუინის ადვოკატებმა BBC-ს განუცხადეს, რომ ისინი "სრულად მზად არიან სასამართლო პროცესისთვის".