რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან შეტევას, შესაძლო,ამიმდინარე წლის ზაფხულისთვის გგემავდეს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროები ვარაუდობენ, რომ ფართომასშტაბიანი შეტევის მიზანი დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების სრული ოკუპაცია იქნება. გარდა ამისა, უკრაინელი სამხედროები არ გამორიცხავენ რუსეთის მიერ ხარკოვის ან თუნდაც კიევის აღების მორიგ მცდელობას.
ამერიკული დაზვერვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის საბოლოო მიზანი უკრაინაში უცვლელი რჩება - „დაიპყროს ქვეყანა და დაიმორჩილოს მისი ხალხი“, წერს FT. აშშ-ის დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტში, რომელიც გამოცემამ შეისწავლა, ნათქვამია, რომ ამ მიზეზით, რუსეთი აგრძელებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ავდიივკის გარშემო, ასევე ლიმანისა და კუპიანსკის მიმართულებით.
უკრაინის პოლიტიკაში ჩართული დასავლელი ოფიციალური პირის თქმით, „ოპერატიული გარღვევა ორივე მხარეს 2024 წელს ნაკლებად სავარაუდოა“. „აქტიური თავდაცვის“ სტრატეგია - თავდაცვითი ხაზების შენარჩუნება, სუსტი წერტილების ერთდროულად ძიება და შორ მანძილზე საჰაერო დარტყმების განხორციელება - საშუალებას მისცემს უკრაინას „გაზარდოს თავისი ძალები“ წელს და მოემზადოს 2025 წლისთვის, როდესაც კონტრშეტევას უკეთესი შანსები ექნება.
გამოცემის შეკითხვაზე, თუ როდის დაიწყება ამერიკის დახმარების შეფერხების გავლენის ასახვა ბრძოლის ველზე, უკრაინის პოლიტიკაში ჩართულმა კიდევ ერთმა დასავლელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა: „დარწმუნებული ვართ, რომ უკრაინელებს აქვთ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ {თავიანთი პოზიციების შესანარჩუნებლად}“.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონი ასევე არწმუნებს კიევს სამხედრო ოპერაციებისადმი კონსერვატიული მიდგომის აუცილებლობაში. სახმელეთო შეტევების ნაცვლად, ყურადღება გამახვილდეს ტერიტორიის დაკავებაზე, პოზიციების გაძლიერებაზე და მარაგებისა და ძალების გაზრდაზე უახლოეს თვეებში. ამასთან, Financial Times-ის ცნობით, ამავდროულად, აშშ-ში აცხადებენ, რომ უკრაინის ჯარებს შეუძლიათ გააგრძელონ რუსეთის თავდაცვაში სუსტი ადგილების მოძებნა, რათა გამოიყენონ ის, როდესაც ამის შესაძლებლობა გაჩნდება.