18 იანვარს, პარიზში შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა და კიდევ 20-ზე მეტმა ქვეყანამ შექმნა "საარტილერიო კოალიცია", რათა დაეხმარონ უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში.
"თანამედროვე არტილერიას ალტერნატივა არ აქვს, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა საბრძოლო მასალის წარმოების გასაზრდელად", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს ვიდეო ბმულით შეუერთდა.
"საარტილერიო კოალიცია", რომელსაც შეერთებული შტატები და საფრანგეთი მეთაურობენ, შედის საკონტაქტო ჯგუფ რამშტეინის შემადგენლობაში, რომელიც უკრაინის მხარდამჭერ 50 ქვეყანას აერთიანებს.
კოალიციის შეხვედრაზე საფრანგეთმა გამოთქვა მზადყოფნა, უკრაინისთვის 12 ჰაუბიცა Caesar-ის დასაფინანსებლად. ამისთვის, დაახლოებით 50 მლნ ევრო გამოიყოფა.
ამ დროისათვის უკრაინაში მოქმედებს 49 ასეთი ჰაუბიცა, კიდევ ექვსი შეკვეთილია. "საფრანგეთს შეუძლია კიდევ 60 ჰაუბიცის წარმოება 250 მლნ დოლარად - იმ ფასად, რომელიც სრულად თავსებადია მოკაშირეების სხვადასხვა ბიუჯეტთან", - თქვა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კოალიციის შეხვედრაზე.
შეგახსენებთ, 16 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენეტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ იგეგმება უკრაინასთან ორმხრივი შეთანხმების დადება ახალი შეიარაღების მიწოდების თაობაზე. მაკრონი ამ დოკუმენტის წარდგენას თებერვალში, კიევში ვიზიტისას გეგმავს. მაკრონი ასევე დაჰპირდა უკრაინას დამატებით SCALP-ის 40 რაკეტასა და ასობით ჭურვს.
ბოლო დროს, საფრანგეთი ზეწოლისა და კრიტიკის ქვეშ იყო უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შემცირების გამო.
მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის გაჩაღების შემდეგ, პარიზმა უკრაინას 1.7 მლრდ ევროს ღირებულების იარაღი მიაწოდა. ამ შედეგით, საფრანგეთი მე-12 ადგილზეა კიევისთვის სამხედრო დახმარების ოდენობის თვალსაზრისით.