შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ იემენის "ჰუსიტები" გლობალურად აქტიური ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დააბრუნა.
თეთრი სახლის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იემენელი მეამბოხეების მიერ წითელ ზღვაში სავაჭრო გემებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ.
"ეს თავდასხმები ტერორიზმის ნათელი მაგალითია. ისინი არღვევენ საერთაშორისო სამართალს და სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ადამიანის სიცოცხლეს, გლობალურ ვაჭრობასა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ტერორისტთა სიაში დაბრუნება გზას გაუხსნის ვაშინგტონს, უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს "ჰუსიტების" წინააღმდეგ.
ტერორიზმის კლასიფიკაციისას შეერთებულ შტატები განასხვავებს "ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებენ მთელ მსოფლიოში" (Specially Designed Global Terrorists) და "უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებს" (Foreign Terrorist Organizations). სანქციების მოცულობა დამოკიდებულია ერთ-ერთ სიაში მოხვედრაზე.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვადის დასრულებამდე 2021 წელს, მისმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრძანა, რომ ჰუსიტები დაემატებინათ ორივე სიაში. ცოტა ხანში პომპეოს მემკვიდრემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნაწილობრივ შეცვალა ეს გადაწყვეტილება. ორგანიზაცია Ansar Allah, რომელიც აერთიანებს იემენის ჰუსიტებს ამოიღეს ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან, რომლებიც მოქმედებენ მთელ მსოფლიოში (Specially Designed Global Terrorists), რათა ხელი შეეწყოთ იემენისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის.
ახლა უკვე, ჰუსიტები ორივე სიაში იქნებიან. ეს გადაწყვეტილება ძალაში 30 დღეში შევა. ამ დროის განმავლობაში, აშშ-ის ხელისუფლება აპირებს, გაეროს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, შეიმუშაოს ჰუმანიტარული დახმარების გაწევის წესები - საკვების, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება იემენის პორტებისთვის, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს სანქციების შედეგები იემენის მოსახლეობისთვის.
იემენში სამოქალაქო ომი 2014 წლიდან მიმდინარეობს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ცხოვრობს ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ადგილებში. გაეროს მონაცემებით, მილიონობით ადამიანი იტანჯება შიმშილით.