"ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ დღე რუსეთის წინააღმდეგ მის თავდაცვით ომში, რადგან ამ ომის შედეგი გადაწყვეტს მსოფლიოს ბედს", - ამის შესახებ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ ბაუერმა განაცხადა.
როგორც ბაუერი მიიჩნევს, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არასოდეს ყოფილა დაკავშირებული რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების რაიმე რეალურ საფრთხესთან, რომელიც დაემუქრებოდა უკრაინისგან ან ნატო-სგან.
"ეს ომი გამოწვეულია იმით, რომ რუსეთს ეშინია რაღაც ბევრად უფრო ძლიერის, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური იარაღის დედამიწაზე - დემოკრატიის. თუ უკრაინაში ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დემოკრატიული უფლებები, მაშინ რუსეთშიც მალე მოისურვებენ ამას," - აღნიშნა ბაუერმა.
ამასთან, მისი აზრით, უკრაინელი ხალხი და უკრაინის არმია იცავენ დემოკრატიას ისე, როგორც მსოფლიოს არასდროს უნახავს. „ომის სიბნელეში ის შუქურის სინათლეა, რომელიც აჩვენებს მსოფლიოს, რას ნიშნავს ბრძოლა იმისთვის, რისიც გწამს“, - თქვა ბაუერმა.
მან აღნიშნა, რომ ნატო იცავს არა მხოლოდ ალიანსის წევრი ქვეყნების მილიარდი მცხოვრების ფიზიკურ უსაფრთხოებას, არამედ მათ თავისუფლებას და დემოკრატიას. „ძალაუფლების ტექტონიკური ფილები მოძრაობს და შედეგად ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ყველაზე სახიფათო გზას ვადგავართ“, - განაცხადა ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბაუერის თქმით, ნატო-ს კოლექტიური თავდაცვის გასაძლიერებლად და უკრაინის მხარდასაჭერად საჭიროა მთელი საზოგადოების ერთიანი მიდგომა.
„ჩვენ გვჭირდება საჯარო და კერძო სტრუქტურები, რათა შეცვალონ თავიანთი აზროვნება, გავიდნენ ეპოქიდან, როდესაც ყველაფერი დაგეგმილი, პროგნოზირებადი, კონტროლირებადი იყო, ეპოქაში, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში, როდესაც უნდა ელოდო მოულოდნელს“, - თქვა მან.