ამჟამინდელი ტემპებით მსოფლიოში სიღარიბის დასრულებას 230 წელი დასჭირდება, -ამის შესახებ ნათქვამია ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც გლობალურმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Oxfam-მა გამოაქვეყნა.
"გაჭირვება და შიმშილი ყოველდღიური რეალობაა მრავალი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. ამჟამინდელი ტემპებით, სიღარიბის დასრულებას 230 წელი დასჭირდება, მაგრამ ჩვენ შეიძლება გვყავდეს პირველი ტრილიონერი 10 წელიწადში. გლობალური კორპორაციული და მონოპოლიური ძალაუფლების უზარმაზარი კონცენტრაცია აძლიერებს ეკონომიკის უთანასწორობას მთელს მსოფლიოში", - ვკითხულობთ ანგარიშში.
Oxfam-ის მონაცემებით, მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა, 2020 წლის შემდეგ, გააორმაგა თავისი ქონება 405 მილიარდი დოლარიდან 869 მილიარდ დოლარამდე.
ამასთან, Oxfam-ის გამოთვლებით, 2020 წლიდან მსოფლიოს ყველა მილიარდერი ერთად 3,3 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა.
ამავე პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოს 5 მილიარდი ადამიანი, ინფლაციის გამო გაღარიბდა და ჯამში 20 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ორგანიზაცია გამოვიდა მოწოდებით, მსოფლიოში სოციალური უთანასწორობის მზარდი პრობლემის ფონზე, დაწესდეს დამატებითი გადასახადი ადამიანებისთვის, რომლებიც 5 მილიონ დოლარზე მეტ აქტივებს ფლობენ.
"მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით ადამიანი იტანს პანდემიის, ინფლაციისა და ომის შოკისმომგვრელ ტალღებს, მილიარდერების ქონება აყვავებას განაგრძობს", - განაცხადა Oxfam Germany-ის თავმჯდომარემ, სერაპ ალტინისიკმა.
"ჩვენ გვჭირდება გადასახადი აურაცხელ სიმდიდრეზე, რათა სუპერმდიდრებმაც თავიანთი წილი შეიტანონ საერთო სიკეთეში“, - თქვა ალტინისიკმა და დასძინა, რომ მობილიზებული თანხების ინვესტირება შესაძლებელია კლიმატის დაცვაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაში.