გლობალური საქველმოქმედო ორგანიზაციის, Oxfam-ის მონაცემებით, მსოფლიოს ხუთმა უმდიდრესმა ადამიანმა, 2020 წლის შემდეგ, გააორმაგა თავისი ქონება 405 მილიარდი დოლარიდან 869 მილიარდ დოლარამდე.
ამასთან, Oxfam-ის გამოთვლებით, 2020 წლიდან მსოფლიოს ყველა მილიარდერი ერთად 3,3 ტრილიონი დოლარით გამდიდრდა.
ამავე პერიოდის განმავლობაში, მსოფლიოს 5 მილიარდი ადამიანი, ინფლაციის გამო გაღარიბდა და ჯამში 20 მილიარდი დოლარი დაკარგა.
ორგანიზაცია გამოვიდა მოწოდებით, მსოფლიოში სოციალური უთანასწორობის მზარდი პრობლემის ფონზე, დაწესდეს დამატებითი გადასახადი ადამიანებისთვის, რომლებიც 5 მილიონ დოლარზე მეტ აქტივებს ფლობენ.
"მიუხედავად იმისა, რომ მილიარდობით ადამიანი იტანს პანდემიის, ინფლაციისა და ომის შოკისმომგვრელ ტალღებს, მილიარდერების ქონება აყვავებას განაგრძობს", - განაცხადა Oxfam Germany-ის თავმჯდომარემ, სერაპ ალტინისიკმა.
"ჩვენ გვჭირდება გადასახადი აურაცხელ სიმდიდრეზე, რათა სუპერმდიდრებმაც თავიანთი წილი შეიტანონ საერთო სიკეთეში“, - თქვა ალტინისიკმა და დასძინა, რომ მობილიზებული თანხების ინვესტირება შესაძლებელია კლიმატის დაცვაში, განათლებაში, ჯანდაცვასა და სოციალურ კეთილდღეობაში.