ათასობით პროპალესტინელი დემონსტრანტი შეიკრიბა შეერთებული შტატების დედაქალა ვაშინგტონის ქუჩებში და ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ომის 100 დღის თავზე, დემონსტრანტებმა გააკრიტიკეს აშშ-ის მხარდაჭერა ისრაელისადმი.

14 იანვარს 100 დღე შესრულდა ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყებიდან.
ამავდროულად, ჰამასის მიერ კონტროლირებულმა ღაზას ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ. მათი ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაზე ისრაელის თავდასხმების შედეგად 23 968 პალესტინელი დაიღუპა. დამოუკიდებელი წყაროებიდან ამ მონაცემების დადასტურება შეუძლებელია.
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ჰამასმა განახორციელა ფართომასშტაბიანი თავდასხმა ისრაელზე.
ტერორისტებმა განახორციელეს მასიური სარაკეტო შეტევა ისრაელზე და, მის ტერიტორიაზე შეჭრის შემდეგ, მოახდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის ყველაზე მასიური ხოცვა-ჟლეტა ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში. ჰამასის თავდასხმას 1200-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. 250-მდე კი მძევლად აიყვანეს.
ისრაელმა ჰამასს ომი გამოუცხადა. ქვეყნის არმია მასიურ დარტყმებს ახორციელებს ამ მჭიდროდ დასახლებულ რეგიონზე, რომელიც ჰამასის მმართველობის ქვეშ იმყოფება. ამასთან, სექტორში მიმდინარეობს ისრაელის არმიის სახმელეთო სამხედრო ოპერაცია.