ნიუ იორკის სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გამოცემა The New York Times-ისა და მისი სამი ჟურნალისტისთვის 392 638 დოლარის გადახდა დააკისრა.
2021 წელს ტრამპმა წამოიწყო სასამართლო პროცესი გამოცემისა და სამი ჟურნალისტის წინააღმდეგ, რომლებმაც ტრამპის ოჯახის მიერ გადასახადების გადახდისგან თავის არიდების შესახებ სტატია მოამზადეს. ამასთან, ტრამპმა სარჩელი შეიტანა თავისი ძმისშვილის, მერი ტრამპის წინააღმდეგაც
აშშ-ის ექსპრეზიდენტი ჟურნალისტებისა და ძმისშვილისგან 100 მილიონი დოლარის კომპენსაციას მოითხოვდა "მზაკვრულ შეთქმულებაში მონაწილოებისათვის კონფიდენციალური და საიდუმლო ჩანაწერების მოპოვების მიზნით, რომლებიც მათ თავიანთი სარგებლობისთვის გამოიყენეს".
ტრამპი ამტკიცებდა, რომ მერი ტრამპი იყო საგადასახდო ანგარიშების წყარო, რომლის საფუძველზეც შეიქმნა იმ დროისათვის The New York Times რეზონანსული სტატია, რომელმაც 2018 წელს პულიცერის პრემია მიიღო.
სტატიაში ნათქვამი იყო, რომ დონალდ ტრამპი და მისი მამა თავს არიდებდნენ ძვირფას საჩუქრებსა და მემკვიდრეობებზე გადასახადების გადახდას, ფიქტიური კომპანიის შექმნის გზით და საგადასახადო ორგანოების წინაშე აქტივების ღირებულების შემცირებით.
სარჩელში, აშშ-ს პრეზიდენტი ასევე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტებმა იცოდნენ მერი ტრამპთან შეთანხმების შესახებ, რომელიც კრძალავდა დონალდ ტრამპის მამის ქონების შესახებ დოკუმენტების გამჟღავნებას, რაც საფუძვლად დაედო NYT-ის პუბლიკაციას.
ნიუ-იორკის სასამართლომ უარყო ბრალდებები The New York Times-ისა და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2023 წლის მაისში და ახლა ტრამპს იურიდიული ხარჯებისთვის დააკისრა 392 000 დოლარზე მეტი კომპენსაცია.
ტრამპის სარჩელი ძმისშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ქალმა თავის მხრივ სარჩელი შეიტანა თავად ტრამპის წინააღმდეგ და ამტკიცებს, რომ აშშ-ის ექსპრეზიდენტი ცდილობს ხელი შეუშალოს მას და სხვებს მომავალში მის კრიტიკაში.