იემენელმა "ჰუსიტებმა" შეცდომით განახორციელეს სარაკეტო თავდასხმა პანამის დროშის ქვე მცურავ ტანკერზე, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა. ამის შესახებ Reuters წერს ბრიტანულ კომპანია Ambrey-ზე დაყრდნობით, რომელიც საზღვაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.
დიდი ბრიტანეთის საზღვაო ვაჭრობის საინფორმაციო ცენტრის (UKMTO) განცხადებით, მიიღეს შეტყობინება ტანკერის კაპიტნისგან, რომ რაკეტა ჩამოვარდა ხომალდიდან დაახლოებით 400-500 მეტრში. იმ დროისთვის, ტანკერი იმყოფებოდა 90 საზღვაო მილში იემენის პორტ ადენიდან სამხრეთ აღმოსავლეთით.
"ეს იყო მეორე ტანკერი რუსული ნავთობით, რომელსაც შეცდომით თავს დაესხნენ "ჰუსიტები", - ციტირებს Reuters-ი Ambrey-ს სიტყვებს, რომელიც არ აკონკრეტებს სად და როდის მოხდა პირველი ინციდენტი.
ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ამბოხებული "ჰუსიტები" გასული წლის ნოემბრიდან თავს ესხმიან დასავლეთის კომერციულ ხომალდებს, რომლებიც წითელ ზღვას გადიან. ამბოხებულთა განცხადებით, მათი ეს ქმედება პროტესტია ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ და პირობა დადეს, რომ თავს დაესხმებიან ისრაელთან დაკავშირებულ ყველა გემს.
12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდების, კანადის, ავსტრალიისა და ბაჰრეინის მხარდაჭერით, მასიური თავდასხმები დაიწყეს იემენში "ჰუსიტთა" სამხედრო ობიექტებზე.
ფოტო: არქივი