იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმებით გაერო უკიდურესად შეშფოთებულია, – ამის შესახებ გაერო-ს სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა განაცხადა.
მისი თქმით, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია სრულად უნდა იყოს დაცული.
„წითელ ზღვაში საერთაშორისო გემების წინააღმდეგ თავდასხმები მიუღებელია, რადგან ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას, უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სიტუაციაზე მსოფლიოში. უშიშროების საბჭო 2 722 რეზოლუციით ითხოვს, რომ „ჰუსიტებმა“ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა ასეთი თავდასხმა კომერციულ გემებზე. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა წევრ სახელმწიფოს, რომელიც იცავს თავიანთ გემებს თავდასხმებისგან, გააკეთოს ეს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, როგორც რეზოლუციაშია გათვალისწინებული. გენერალური მდივანი ასევე მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, წითელ ზღვაში და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ მოხდეს ვითარების ესკალაცია”, - განაცხადა დუჟარიკმა.
ამასთან, გენერალური მდივანი ხაზს უსვამს იმ ქმედებების თავიდან აცილების აუცილებლობას, რამაც, შეიძლება, იემენში კიდევ უფრო დაძაბოს ვითარება.
12 იანვარს იემენში, „ჰუსიტების“ ობიექტებზე თავდასხმები აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალებმა განახორციელეს. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, დარტყმები განხორციელდა თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.
ამასთან, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, 13 იანვრის ღამეს იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, სამიზნე ჰუსიტების სარადარო სისტემები იყო.