ირანი გმობს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში, ამბოხებულ "ჰუსიტთა" სამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ ავიადარტყმებს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თეირანი განხორციელებულ თავდასხმას "იემენის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად" მიიჩნევს.
"თავდასხმებს არავითარი შედეგი არ ექნება, გარდა რეგიონში დაუცველობისა და არასტაბილურობის გაღვივებისა", - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა ნასერ კანანმა.
ამავდროულად, თავდასხმები დაგმო ირანის მიერ მხარდაჭერილმა ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ჰეზბოლამ".
"ამერიკული აგრესია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ არის პარტნიორი სიონისტი მტრისა, რომელიც ღაზაში ხოცვა-ჟლეტას ახორციელებს", - აცხადებს "ჰეზბოლა".
შეგახსენებთ, გასულ ღამეს, შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დარტყმები განახორციელეს იემენის ტერიტორიაზე არსებული ამბოხებული "ჰუსიტების" სამხედრო ობიექტებზე.
ეს ირანის მიერ მხადაჭერილი დაჯგუფების წინაღმდეგ პირველი დარტყმებია მას შემდეგ, რაც მან გასული წლის ბოლოს წითელ ზღვაში საერთაშორისო კომერციულ ხომალდებზე შეტევები დაიწყო.
"ჰუსიტებმა", რომლებიც აკონტროლებენ იემენის დიდი ნაწილს, წითელ ზღვაში ხომალდებზე დარტყმები ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მხარდაჭერის დემონსტრირებისთვის დაიწყეს.
ამ თავდასხმებმა შეაფერხეს საერთაშორისო ვაჭრობა ევროპასა და აზიას შორის მთავარ მარშრუტზე, რომელიც გლობალური გადაზიდვების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.
დასავლელი მოკავშირეების მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, ამბოხებულთა წარმომადგენელმა გენერალმა აბდუსალამმა განაცხადა, რომ სავაჭრო გემებზე შეტევას არ შეწყვეტენ, ვიდრე ამერიკელებს და ბრიტანელებს რეგიონს არ დაატოვებინებენ.