იაპონია 37 მილიონი დოლარით დაეხმარება უკრაინას დრონების საწინააღმდეგო სისტემების მარაგების გასაზრდელად.
ამის შესახებ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოკო კამიკავამ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, იაპონია ნატო-ს ფონდში 37 მილიონ დოლარს შეიტანს.
„იაპონია აქტიურად აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენი დახმარების ფარგლებში, იაპონიამ გადაწყვიტა უკრაინას 37 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება გაუწიოს დრონების აღმოჩენის სისტემების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა კამიკავამ.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ უკრაინელები გადაურჩნენ მკაცრ ზამთარს, იაპონიამ უკრაინას ხუთი მობილური გაზის ტურბინების გენერატორი და შვიდი ტრანსფორმატორი გადასცა.
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტით 7 იანვარს ჩავიდა პოლონეთიდან ისე, რომ წინასწარ ამ ვიზიტის შესახებ ცნობილი არ იყო. მან მოინახულა ბუჩაში დაღუპულების მემორიალი და შეხვედრა გამართა დმიტრო კულებასთან.