ყოფილი პარალიმპიური ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან ოსკარ პისტორიუსი, რომელიც სასჯელს მეგობარი ქალის, ფოტომოდელის, რივა სტინკამპის მკვლელობისთვის იხდიდა, თითქმის 11 წლის შემდეგ ციხიდან გაათავისუფლეს.
საპყრობილეში, მან 13-წლიანი პატიმრობის ვადის ნახევარი მოიხადა და ვადამდე ადრე პირობით გათავისუფლდა.
რივა სტინკამპის დედა, ყოფილი სპორტსმენის ვადამდე ადრე გათავისუფლების წინააღმდეგი არ ყოფილა, თუმცა განაცხადა, რომ ქალიშვილის მკვლელობის შემდეგ მას და მის ოჯახს „სამუდამო სასჯელი ერგოთ“.
პისტორიუსის მეგობარი გოგო რივა სტინკამპი ცნობილი ფოტომოდელი და ტელეწამყვანი იყო. ის ასევე იყო დიპლომირებული იურისტი და გეგმავდა კომპანიის გახსნას ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად. მკვლელობამდე ის პისტორიუსს სამი თვის განმავლობაში ხვდებოდა.
პისტორიუსი, რომელიც ამჟამად 37 წლისაა, 2013 წელს რივას აბაზანის კარიდან რამდენჯერმე ესროლა. ყოფილმა სპორტსმენმა სასამართლოში განაცხადა, რომ უდანაშაულო იყო და ამტკიცებდა, რომ გოგონა მძარცველი ეგონა.
პისტორიუსის საქმის განხილვა სასამართლოში რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავდაპირველად სპორტსმენი არაგანზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს, თუმცა რუვას მეგობრებისა და ოჯახის წევრების მოთხოვნით, 2015 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გადახედვა დაიწყო.
სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულმა არაერთხელ შეცვალა ჩვენება 2013 წლის 14 თებერვალს მომხდარი მოვლენების შესახებ.
2015 წელს ის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს, 2017 წელს კი სასამართლომ საბოლოო განაჩენი გამოიტანა და 13 წლითა და ხუთი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
სამხრეთ აფრიკის კანონმდებლობით, ყველა დამნაშავეს უფლება აქვს გათავისუფლდეს სასჯელის ვადის ნახევრის მოხდის შემდეგ.