2024 წლის პირველი იანვრიდან ესტონეთში ძალაში შევიდა კანონი ქორწინების თანასწორობის შესახებ. დღეიდან ორ სრულწლოვან ადამიანს შეუძლია ქორწინება განურჩევლად სქესისა. ამრიგად, ესტონეთი გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.
ესტონეთის პარლამენტმა ქორწინების თანასწორობის კანონი გასული წლის ივნისში მიიღო. კანონს 101 დეპუტატიდან მხარი 55-მა დაუჭირა, 34 წინააღმდეგ წავიდა, დანარჩენმა - თავი შეიკავა.
გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება მიეცათ, შვილები აიყვანონ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით.
ესტონეთის ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ წელს ჩატარებულ გამოკითხვაში, ესტონელთა 53%-მა მხარი დაუჭირა ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ათი წლის წინ ეს მაჩვენებელი მხოლოდ 34% იყო.
სამოქალაქო პარტნიორობა ესტონეთში ლეგალურად არის აღიარებული 2013 წლიდან.