იერუსალიმის სომხურ უბანში 30-მდე შეიარაღებული ნიღბიანი პირი სომეხ მღვდლებს და ახალგაზრდებს თავს დაესხა. მათ იერუსალიმის სომხური უბანი დაარბიეს. ინფორმაციას თავდასხმის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
სომხური მედია იუწყება, რომ ტერორისტების მიზანი სომხების ტერიტორიიდან გაყვანა და დაშინება იყო.
შეიარაღებულებმა თავდაპირველად იქ შეკრებილების მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს. საპასუხოდ ახალგაზრდები და სასულიერო პირები თავდამსხმელების წინააღმდეგ ჩხუბში ჩაერთნენ.
იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებით, თავდასხმა უკავშირდება იმ ფაქტს, რომ სომხური კვარტლის დიდი ნაწილის ავსტრალიელ-ისრაელელ ბიზნესმენზე 100 წლით იჯარით გადაცემის საკითხი ხალხის მასობრივი პროტესტის შედეგად ჩაიშალა.
"ეს არის დანაშაულებრივი პასუხი, რადგან ჩვენ 24 საათის წინ მივიღეთ კანონი სომხური კვარტლის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით. ავსტრალიელ-ისრაელელი ბიზნესმენები დანი ტორმანი (რუბენშტაინი) და ჯორჯ ვარვარი ასე რეაგირებენ სამართლებრივ პროცედურებზე. სომხური საპატრიარქოს ეგზისტენციალური საფრთხე ახლა უკვე ფიზიკური რეალობაა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო მედიას და საზოგადოებას, რომ დაგვეხმარონ სომხური კვარტლის გადარჩენაში" - წერია იერუსალიმის სომხური საპატრიარქოს განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებისას მძიმედ დაშავდა სომხური სასულიერო აკადემიის რამდენიმე მღვდელი, დეკანოზი და სტუდენტი, ასევე რამდენიმე ადგილობრივი. პოლიციამ ორი პირი დააკავა.