სერბეთში ათასობით ადამიანი გამოვიდა გასულ კვირას ჩატარებული არჩევნების გასაპროტესტებლად.
მედიის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა ბელგრადის მერიაში შეჭრა სცადეს, სადაც საარჩევნო კომისიაა განთავსებული. მათ დააზიანეს შენობის ინფრასტრუქტურა. Reuters-ის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, რომ შეტაკების შედეგად დაშავდა ორი პოლიციელი. დაკავებულია პროტესტის 35-ზე მეტი მონაწილე.
ოპოზიციის წარმომადგენლები პოლიციას მათ მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში ადანაშაულებენ. მათივე თქმით, მათ ხელკეტებით გაუსწორდნენ.
საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, პოპულისტურმა მმართველმა სერბეთის პროგრესულმა პარტიამ (SNS) ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 46,72% მოიპოვა.
არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რაინგოლდ ლოპატკა, რომელმაც განაცხადა, რომ სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა.