ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა და პოლიციის წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მუშაობენ ვერსიაზე, რომ პრაღის უნივერსიტეტში თავდამსხმელი, პასუხისმგებელი იყო გასულ კვირას პრაღის მახლობლად, კლანოვიცკის ტყეში ორი ადამიანის მკვლელობაზე.
თავდამსხმელი, 24 წლის კაცი კარლის უნივერსიტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტში სწავლობდა, რომელიც ხელოვნების ფაკულტეტს განეკუთვნება.
პოლიციის თქმით, თავდასხმის დღეს დილის საათებში დ.კ.-ს მამა სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამიტომ, დ.კ.-ს უნივერისტეტის იმ შენობაში ეძებდნენ, სადაც ის ნაშუადღევს ლექციას უნდა დასწრებოდა.
ამასთან, პრესკონფერენციაზე ჩეხეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ უნივერსიტეტის შენობაში დიდი რაოდენობით იარაღი იპოვეს.
„პოლიციის სწრაფი რეაგირების გარეშე, ჩვენ შეიძლებოდა, გვყოლოდა გაცილებით მეტი მსხვერპლი“, – აღნიშნა რაკუსანმა.
ჩეხეთის პოლიციის უფროსის თქმით, ეჭვმიტანილს იარაღის ტარების ნებართვა ჰქონდა.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. ბოლო ინფორმაციით, სროლის შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი, 25 კი დაიჭრა.