მოლდოვა დსთ-დან გასვლის პროცესს 2024 წლის ბოლომდე დაასრულებს. ამის შესახებ განაცხადა მოლდოვის პარლამენტის საგარეო პოლიტიკისა და ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ დოინა გერმანმა. ამასთან მისი თქმით, მოლოდვა თანმიმდევრულად აუქმებს ამ ორგანიზაციის ფარგლებში დადებულ ყველა დანარჩენ შეთანხმებას. კიშინიოვმა წინასწარ შეისწავლა სიტუაცია თითოეულ სფეროში და ეტაპობრივად ტოვებს შეთანხმებებს,
ამასთან, გერმანი არ დაეთანხმა რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ მოლდოვა შეიძლება დაზარალდეს დსთ-დან გასვლის გამო. მისი თქმით, ეს ნაბიჯი არ მოიტანს უარყოფით შედეგებს მოლდოვის ეკონომიკისთვის, რადგან ის არ გამორიცხავს ორმხრივ თანამშრომლობას დსთ-ს ქვეყნებთან.
„ეს არის მანიპულაციისა და დეზინფორმაციის ნაწილი. აშკარაა, რომ ეკონომიკურად დასაკარგი არაფერი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, თუ ვსაუბრობთ ხელშეკრულებებზე ეკონომიკური კუთხით,ჩვენ ყოველწლიურად ვიხდით ამ ხელშეკრულებებისთვის გადასახადს. თუ ხელშეკრულებებს გავწყვეტთ, გადახდებისგან გავთავისუფლდებით“, - აღნიშნა პარლამენტარმა.
2023 წლის განმავლობაში კიშინიოვმა გააუქმა ათობით შეთანხმება. კერძოდ, მაისში მოლდოვა გამოეთიშა დსთ-ს ქვეყნების საგარეო საზღვრების დაცვის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმებებს, ასევე დსთ-ს ქვეყნების ორგანიზაციებს შორის საქონლის მიწოდების პირობებს.
თავის მხრივ, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა აღნიშნა, რომ დსთ-ს ფარგლებში ვერ მოხერხდა დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარება. "რუსული არმია აგრძელებს არალეგალურად ყოფნას მოლდოვის ტერიტორიაზე. დსთ-ში შესვლამ არ დაგვიცვა ეკონომიკური ემბარგოს შემოღებისგან", - თქვა რეჩანმა. გარდა ამისა, კიშინიოვი შეშფოთებულია რუსეთის მცდელობებით, მოახდინოს სიტუაციის დესტაბილიზაცია ქვეყანაში.
ამავდროულად, მოლდოვა ჩართულია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა მას, ისევე როგორც უკრაინას, მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. 2023 წლის დეკემბერში კი ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.