გერმანული გამოცემა Bild, სადაზვერვო მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი გეგმავს ოთხი უკანონოდ ანექსირებული უკრაინის რეგიონის გარდა 2024-2026 წლებში უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციას.
გამოცემის სამხედრო ანალიტიკოსმა იულიან რეპკემ, გერმანიის დაზვერვის წყაროების მონაცემებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, აპირებს უკრაინის მარცხენა სანაპიროს უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
როგორც იუწყებიან, 2024 წლის ბოლოსთვის რუსეთს სურს სრული კონტროლი დაამყაროს დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებზე, ასევე დაიკავოს ხარკოვის რეგიონის აღმოსავლეთი ნაწილი მდინარე ოსკოლამდე. ხოლო 2026 წლის ბოლოს - დაიპყროს ზაპოროჟიეს, დნიპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონების მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქები ხარკოვი, დნიპრო და ზაპოროჟიე.
გარდა ამისა, რუსეთი გეგმავს ამჟამინდელი ფრონტის ხაზის შეკავებას ხერსონის რეგიონში მდინარე დნიპროს გასწვრივ და შეეცდება არ დაუშვას სამხრეთ უკრაინაში ოკუპირებული ყირიმისკენ უკრაინული ძალების წინსვლა.
როგორც Bild-ი აღნიშნავს, რუსეთის გეგმები ეფუძნება რუსეთის თავდაცვის სამრეწველო ბაზის მობილიზებას, დამღლელ შეტევით ოპერაციებს და 2024 წელს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის შესაძლო არჩევას, რომელიც მკვეთრად შეამცირებს ან შეწყვეტს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას.
ამასთან, რეპკეს თქმით, კრემლი მზადაა უკრაინაში ყოველწლიურად 100 ათასამდე ჯარისკაცი დაკარგოს.