16 დეკემბრის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალები უკრაინის დედაქალაქს თავს დაესხნენ. უკრაინული მედიის ცნობით, მტერი კიევს სხვადასხვა მიმართულებიდან დრონებით ტალღებად უტევდა. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მტრის ყველა სამიზნე გაანადგურა.
კიევის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰი პოპკოს ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის მუშაობის შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებისგან ქალაქში არავინ დაშავებულა.
მისივე ინფორმაციით, ეს უკვე მეექვსე საჰაერო შეტევაა კიევზე დეკემბრის დაწყებიდან.
პოპკომ, იქიდან გამომდინარე, რომ მტერმა გააძლიერა კიევზე შეტევები, მოსახლეობას მოუწოდებს არ უგულებელყონ საჰაერო განგაშის სიგნალები და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
„შეიარაღების გამოყენების გათვალისწინებით, მტერი, სავარაუდოდ, დაუბრუნდა 2023 წლის მაისის ტაქტიკას, როდესაც რაშისტები გამუდმებით ცვლიდნენ საჰაერო თავდასხმის საშუალებების ტიპებს. ასეთივე სცენარი იგრძნობოდა დეკემბრის პირველ ნახევარში. დრონები, ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიულ ბომბდამშენებთან ერთად, „ისკანდერები“ „კინჟალები“ კიევის თავზე რიგრიგობით მოფრინავენ და ერთმანეთს ენაცვლებიან“, - განაცხადა პოპკომ.