საფრანგეთში მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი დააკავეს. ის ქალაქ პოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ქალაქის პროკურორმა როდოლფ ჟარიმ გამოცემა France Bleu-ს განუცხადა, რომ მწერალი დაკითხვაზე წინასწარი გამოძიების ფარგლებში დაიბარეს. მისივე თქმით, ინციდენტი არ უკავშირდება ნარკოტიკებს (2008 წელს ბეგბედერი კოკაინის შენახვისთვის იყო დაპატიმრებული).
Franceinfo-ს ინფორმაციით, 58 წლის მწერალს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. მას ახალგაზრდა ქალმა გასული წლის ზაფხულში უჩივლა. ქალის თქმით, ბეგბედერთან პირველი სექსუალური კავშირი ორივე მხარის თანხმობით შედგა, მეორედ კი ქალის თქმით, ის თანახმა არ ყოფილა.
ბეგბედერი უარყოფს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს. ამავე ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ იგი განყოფილებიდან გაათავისუფლა, თუმცა, გამოძიება კვლავ გრძელდება.
ფრედერიკ ბეგბედერი ავტორია რომანებისა „არდადეგები კომაში“, „სიყვარული გრძელდება სამი წელი“, „99 ფრანკი“და სხვა.