შეერთებული შტატები მოუწოდებს ისრაელს დაუშვას მეტი საწვავი ღაზის სექტორში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჯერ ადრეა შეფასება გაითვალისწინა თუ არა ისრაელმა მოწოდებები სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
მილერის განცხადებით, ვაშინგტონი უწყვეტ მოლაპარაკებებს მართავს ისრაელის მთავრობასთან ღაზის სექტორისთვის მეტი საწვავის მისაწოდებლად.
„სამწუხაროდ, ჩვენ ველოდებოდით მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლს. სამწუხაროდ, ეს ყველა ომში ასეა. ეს განსაკუთრებით ეხება ომს ხალხმრავალ ურბანულ გარემოში, სადაც მოწინააღმდეგე, „ჰამასი“, იყენებს მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად და მალავს თავის მებრძოლებს, მალავს მათ ინფრასტრუქტურას მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. ასე რომ, ჩვენ ნათლად გავუცხადეთ ისრაელს, რომ ველოდებით, რომ ისინი შეასრულებენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და გააკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ, რათა მინიმუმამდე დაიყვანონ სამოქალაქო ზიანი. ჩვენ ვერ ვხედავთ განმეორების საფრთხეს სამხრეთში, რაც ვნახეთ ჩრდილოეთში“, - .განაცხადა მილერმა.
მისი თქმით, ახლა ოპერაციის ადრეული ეტაპია და ამიტომ ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნის გამოტანა.
ამასთან, მილერმა აღნიშნა, რომ ისრაელი ახლა მოსახლეობას მოუწოდებს ცალკეული ტერიტორიების ევაკუაციის შესახებ და არა მთელი ქალაქის, როგორც ეს იყო ქალაქ ღაზის შემთხვევაში.
მილერის თქმით, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას ამჟამად ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არ გვაქვს რეალურად სანდო მონაცემები სატვირთო მანქანების რაოდენობის შესახებ. იმედი მაქვს, რომ დღეს ან ხვალ ამ ინფორმაციას მივიღებთ, მაგრამ რამდენიც არ უნდა იყოს, ეს არ არის მისაღები. ეს რაოდენობა უნდა იყოს გაცილებით მეტი და ჩვენ მუდმივი გვაქვს დისკუსიები ისრაელის მთავრობასთან“, – აღნიშნა მილერმა.