რუსეთმა დილით კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა.
„52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, – ნათქვამია პოპკოს განცხადებაში.
დილით მოსახლეობამ აფეთქებების ხმაგაიგო, რის შემდეგაც საჰაერო განგაშის სიგნალი ჩაირთო.
ამასთან, უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ 11 ნოემბრის დილით, კიევის მახლობლად საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა, ამიტომ ქალაქში აფეთქებები ისმოდა.
ამასთან, კიევის საოლქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის მიერ გაშვებული ორი რაკეტა მინდორში ჩავარდა. აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.