ღაზის სექტორში ალ ნასრისა და ალ რანტისის საავადმყოფოები ისრაელის ტანკების ალყაშია მოქცეული. იუწყება CNN
ალ ნასრისა ჰოსპიტლისა და ალ რანტისის პედიატრიული საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მუსტაფა ალ-კაჰლუთმა წითელ ჯვარს ევაკუაციაში დახმარებისთვის მიმართა. ”ჩვენ სრულად ალყაში ვართ, საავადმყოფოსთან ტანკები დგანან და ვერ გავდივართ. არც ელექტროენერგია გვაქვს, არც ჟანგბადი - პაციენტებისთვის, არც წამალი გვაქვს და არც წყალი. არ ვიცით, რა ბედი გველის,“ - ამბობს მუსტაფა ალ კაჰლუთი.
ჰოსპიტალური კომპლექსი მდებარეობს შეიხ რადვანის რაიონთან და ალ-შათის ბანაკთან, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებსა (IDF) და „ჰამასს“ შორის სახმელეთო ბრძოლები მიმდინარეობს.
ასევე აფეთქებები მოხდა რამდენიმე სხვა საავადმყოფოსთან ჩრდილოეთ ღაზაში, მათ შორის ალ შიფას ჰოსპიტალთან, რომელიც ღაზაში უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ალ შიფა იბომბება და დასძინა, რომ ღაზის სექტორში 20 საავადმყოფო აღარ მუშაობს.
10 ნოემბერს ალ შიფას ჰოსპიტალზე ისრაელის შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ კითხვაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ბრიფინგზე განაცხადა: ”მე არ მაქვს დეტალები ალ შიფას შესახებ, მაგრამ ვიცით, რომ ის იბომბება”.
10 ნოემბერს, საღამოს ისრაელელმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ალ შიფას ჰოსპიტალზე თავდასხმა გამოწვეული იყო ღაზის სექტორის ტერიტორიიდან გასროლილი ჭურვის შედეგად.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მისმა ოპერაციულმა სისტემებმა აჩვენა, რომ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ გაშვებული ჭურვი ღაზის სექტორში ალ-შიფას საავადმყოფოს მოხვდა. მათივე განცხადებით, ჭურვი მიმართული იყო ისრაელის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.