აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 18 ოქტომბერს ისრაელში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელის ხელისუფლებასთან შვიდსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
ბლინკენის გამოსვლის შემდეგ ვაშინგტონში ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ. მისი თქმით, ჯო ბაიდენი ამ ვიზიტით ისრაელის მიმართ აშშ-ის სოლიდარობას დაადასტურებს.
გარდა ამისა, კირბის თქმით, ბაიდენი აპირებს განიხილოს ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხი.
ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბაიდენი გაემგზავრება იორდანიის დედაქალაქ ამანში. სადაც ის მოლაპარაკებებს გამართავს იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან, ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათაჰ ალ-სისისთან და პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან.