სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ბორის კოლარმა მთავრობას მოუწოდა პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად 15 სექტემბრის შემდეგ გაახანგრძლივოს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემოტანის აკრძალვა.
კოლარმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა 15 სექტმბერს სრულდება და მისი თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ პოლონეთი და უნგრეთი ცალმხრივად დაკეტავენ საზღვრებს უკრაინული პროდუქციისთვის. ამასთან, ტრანზიტის აკრძალვაზე საუბარი არ არის.
მან მიმართა პრემიერ-მინისტრს თხოვნით, შემოიღოს აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე 16 სექტემბრიდან.
კოლარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი აკრძალვის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ფერმის დაშლა და გააფრთხილა სოფლებში არეულობის სავარაუდო ტალღის შესახებ, რომელიც შესაძლოა ქალაქებში გადაიზარდოს.
კოლარმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა, სლოვაკეთში მცირდება, მან მთავრობა გააფრთხილა, რომ "სოფელში ხალხი აჯანყებას დაიწყებს, სხვებს თავის მხარეს გადაიყვანს" და დასძინა, რომ "ის იქნება მათ მხარეს".