31 აგვისტოს დნიპროში, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შინა პატიმრობა მიუსაჯა პოლიციელს, რომელმაც ფიზიკური დაპირისპირების დროს სასიკვდილოდ დაჭრა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა.
თავად პოლიციელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა.
ადვოკატის განცხადებით, პატრულს საავადმყოფოში მკურნალობა ესაჭიროება, რადგან მას მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თავად პატრულის თანამშრომელი სხდომას ვიდეოზარით ჩაერთო და განაცხადა, რომ ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა ეჭვმიტანილი პოლიციელისათვის თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა გირაოს უფლების გამოყენების გარეშე.
სასამართლოს შენობის წინ რამდენიმე ათეული პოლიციელი იყო შეკრიბილი, რათა კოლეგისთვის მხარი დაეჭირათ.
29 აგვისტოს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა დნიპროში მოძრაობის წესების დარღვევისთვის მანქანა გააჩერა. გავრცელებული ცნობით, მძღოლი და მგზავრი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემოჩილნენ, მანქანის მძღოლმა, უკრაინის მოქალაქე ჯუმბერ სილაგავამ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ მის წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მაგრამ კაცი წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობდა. ფიზიკური დაპირისპირების დროს პოლიციელმა ტაბელური იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც სილაგავა სასიკვდლოდ დაიჭრა.
ინციდენტის დროს მანქანის უკანა სავარძელზე მოკლულის ორი შვილი იმყოფებოდა.