ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური დირექტორის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დეესკალაციის არავითარი ნიშან-წყალი არ შეიმჩნევა და რუსეთი კვლავ აგრძელებს სამხედრო გაძლიერებას. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
პარალელურად, რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინი საზღვრების სიახლოვეს მყოფი სამხედრო ძალების ნაწილები გაჰყავს მუდმივი დისლოკაციის ადგილებისკენ.
"პირიქით, როგორც ჩანს, რუსეთი აგრძელებს სამხედრო გაძლიერებას", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, უკრაინის საზღვრებზე რუსული ჯარების რაოდენობა აგრძელებს მატებას და სრულფასოვანი შეჭრა შეიძლება გაფრთხილების გარეშე დაიწყოს.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ ნატო მზადაა მოლაპარაკებებისა და კრიზის დიპლომატიური გადაწყვეტისთვის, მაგრამ "მომზადებულია ყველაზე უარესისთვისაც".
"რუსეთის მხრიდან დიპლომატიის შესახებ უახლესი გზავნილები იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის გარკვეულ საფუძველს, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, გაიყვანს თუ არა მოსკოვი სამხედროებს", - დასძინა მან.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ თუ რუსეთს უკრაინაში შეჭრა სურს, მას ეს ძვირი დაუჯდება.
ცოტა ხნის წინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, ანექსირებული ყირიმში სამხედრო წვრთნები დაასრულა და სამხედრო ძალების ნაწილი გაჰყავს.
გუშინ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქებმა წვრთნების შემდეგ შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაიწყეს.
ამავდროულად, თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ გრძელდება ფართომასშტაბიანი ღონისძიებების კომპლექსი რუსეთის ჯარების ოპერატიული მომზადებისთვის. კერძოდ, რუსეთ-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები "საკავშირო სიმტკიცე 2022",
გარდა ამისა, თავდაცვის უწყების განცხადებით, კვლავ მიმდინარეობს საზღვაო წვრთნების სერია გემების, წყალქვეშა ნავებისა და საზღვაო ავიაციის მონაწილეობით, მსოფლიოს ოკეანეების ოპერატიულად მნიშვნელოვან რაიონებში და რუსეთის ტერიტორიის მიმდებარე ზღვების წყლებში.
დასავლეთი რუსეთის განცხადების პასუხად ამბობს, რომ ჯერჯერობით უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ძალების გაყვანა არ ოფიციალურად არ დასტურდება.