ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხე რეალურია.
"კონფლიქტის რისკი რეალურია", - განაცხადა მან ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. "რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს ევროპის უსაფრთხოებას", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის განცხადებით, ნატო თანახმაა მონაწილეობა მიიღოს რუსეთთან გულწრფელ და პრინციპულ დიალოგში. მისივე თქმით, ალიანსი ყოველთვის მზადაა რუსეთის მოსასმენად, თუმცა დიალოგისთვის აუცილებელია მთავარი პრინციპების პატივისცემა. თუმცა "ჩვენ მზად უნდა ვიყოთ დიპლომატიის შესაძლო მარცხისთვის", - დასძინა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, შეხვედრის დროს ნატო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს ერთიანობა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში. რაც შეეხება რუსეთის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ უკრაინა ალიანსის წევრი არ უნდა გახდეს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ დაუშვებელია რუსეთმა ნატო-ს ცალმხრივი პირობები წაუყენოს. "უკრაინა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანაა და უფლება აქვს თავი დაიცვას", - განაცხადა სტოლტენბერგმა.