საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.
საქართველოს მთავრობის მეთაურს ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, ნატოს სათავო ოფისში უმასპინძლა.
შეხვედრისას, განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი და ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები.
პრემიერ-მინისტრმა შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს წევრობა რასაც მხარს უჭერს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ნატოში შესასვლელად და მნიშვნელოვანია, მომზადდეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსის არჩევანის სუვერენული უფლება და ნატოში საქართველოს ინტეგრაციის პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს პრაქტიკულ თანამშრომლობას შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და განსაკუთრებით გაესვა ხაზი შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს და მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ალიანსის გენერალური მდივნის პირადი ძალისხმევა ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში მხარდაჭერის კუთხით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.