წელს პირველად,  თბილისის,  რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი, შემოდგომის ნაცვლად, გაზაფხულზე ჩატარდება. ფესტივალი 28-30 აპრილს გაიმართება და ტრადიციულად, ჯაზის მოყვარულებს მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსების კონცერტებს შესთავაზებს; მათ შორის არიან - “Miles Electric Band” - სპეციალური სტუმარი რავი კოლტრეინი, ამერიკული ჯაზ-ტრიო “Bad Plus” და აკაპელას ჟანრში მოღვაწე ამერიკული ჯგუფი ”Naturally 7“.
წლევანდელი თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, უკვე ტრადიციულად,  ცნობილი ჯაზ-შემსრულებლები ქართველი სტუდენტებისთვის მასტერ-კლასს ჩაატარებენ.
 აღსანიშნავია, რომ თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, წელს,  ჯაზის საერთაშორისო დღე - 30 აპრილი პირველად აღინიშნება.
ჯაზის საერთაშორისო დღე 2011 წლის  ნოემბერში,  იუნესკოს  გენერალური  დირექტორის - ირინა ბოკოვასა და იუნესკოს კეთილი ნების ელჩის, მუსიკოს  - ჰერბი ჰენკოკის ინიციატივით დაწესდა და მას შემდეგ ყოველ 30 აპრილს, 200-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბური კონცერტებით, კონფერენციებითა და სხვადასხვა პერფორმანსით აღინიშნება.
თბილისის რიგით 21-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალის ბილეთები 26 მარტიდან ონლაინ TKT.ge-ზე გაიყიდება. ბილეთის ფასი 60 ლარიდან დაიწყება.