საქართველოს ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძის შეფასებით, რუსეთის პრობლემა ისაა, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობას ვერ შეეგუა. ამის შესახებ ბარამიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ რუსეთის ქმედებას საქართველოსთან მიმართებაში ობიექტური შეფასება მისცა და შეაფასა, როგორც ოკუპაცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ ეს არ არის უბრალო განცხადება და მას შემდგომი პროცესი მოჰყვება, რომელიც აუცილებლად საქართველოს დეოკუპაციით დასრულდება. რუსებს მართებთ მიზნის დასახვა, რომ შეძლონ ღირსეულად ამ ნაბიჯის გადადგმა - საბოლოოდ გაიყვანონ საქართველოს ტერიტორიიდან საოკუპაციო ჯარი", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი შეფასებით, რუსეთისთვის კარგი იქნება, თუ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგამს, თუმცა მათ არ ეტყობათ, რომ ამისთვის მზად იყვნენ.
"მოსკოვს სურს, აჩვენოს, რომ საქართველოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს. აჯობებს, რუსეთმა პრობლემის არსზე ილაპარაკოს. რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ვერ შეეგუა. მან პირველ რიგში სწორედ ეს უნდა აღიაროს", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
რაც შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას, ბარამიძის განცხადებით, ქართული მხარე არასდროს ყოფილა ამ ურთიერთობის გაწყვეტის მსურველი და ინიციატორი.
"ასეთი ნაბიჯები არასდროს გადაგვიდგამს, არც ომამდე და არც ომის შემდეგ, ოკუპაციის პირობებშიც კი. ასე რომ, ყველა ნაბიჯი, რომელსაც რუსეთი ახორციელებს, იმ პროპაგანდის ნაწილია, რომ სურს წარმოჩინდეს, როგორც კეთილი ზრახვების მქონე ქვეყნა", - აღნიშნა ბარამიძემ.