აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურმა, რეგიონში აგრარულ ბაზრებში შებოლილი თევზის რეალიზაცია აკრძალა. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას, აჭარის სურთათის უვნებლობის სამსახურის მოადგილემ რამაზ სურმანიძემ განაცხადა, შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ შებილილი თევბზი არასათანადო პირობებში იყიდებოდა და ხარისხის მხრივ, გარკვეულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
"ჩვენ ბაზრობის დირექციებს მათ ტერიტორიაზე სამაცივრე დანადგარების გარეშე შებოლილი თევზის რეალიზაცია ავუკრძალეთ, თუმცა როგორც ჩანს, ამ ფაქტს ისინიც გაგებით მოეკიდნენ და ჩვენგან გარკვეული რეკომენდაციებიც აიღეს თუ რა ტიპის სამაცივრე დანადგარები უნდა შეიძინონ, რათა შემდგომ შებოლილი თევზის რეალიზაციის უფლება მივცეთ"- განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რამაზ სურმანიძემ.
თუმცა აგრარული ბაზრების დირექციებმა სურსათის უვნებლობის სამსახურის აკრძალვა, რომ უგულვებელყონ, მათ კანონი ვერ დასჯის, რადგანაც არსებული კანონმდებლობით ასეთ ვითარებაში მათზე რაიმე ადმინისტრაციული სასხელი გათვალისწინებული არ არის.
შეგახსენებთ, რომ აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში 16 ივლისს რეიდი მოაწყო და შეამოწმა ე.წ. ბონის ბაზარი, თევზის ბაზარი და რამდენიმე ბარი და ის ადგილები, სადაც შებოლილ თევზს ღია ცის ქვეშ ყიდიან.
სურსათის უვნებლობის სამსახურის თანამშრომლებმა თითქმის ყველა სარეალიზაციო წერტილიდან თევზის სინჯები აიღეს, რომელსაც ლაბორატორიულ შემოწმებას ჩაუტარეს.