ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ფილიპ გორდონის განცხადებით, რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის განუახლებლობის შესახებ ხელშეკრულების სრულად შესრულების შემთხვევაში დამატებით დოკუმენტების გაფორმება არ გახდება საჭირო.
"მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით აიღეს და ახალი შეთანხმების გაფორმება საჭირო აღარ არის. აღნიშნული დოკუმენტის სრულად შესრულება, რასაც რუსეთისგან ველოდებით რამე დამატებით შეთანხმების გაფორმებას დღის წესრიგიდან მოხსნის", - აღნიშნა გორდონმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოსა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის ახალი ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საჭირო არ არის.
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შუამავლობით "ცეცხლის განუახლებლობის შესახებ" რუსული და ქართულ მხარებს შორის შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეებს ძალია გამოუყენებლობაზე თანხმდებიან და რუსეთის ჯარები 2008 წლის 7 აგვისტომდე მდგომარეობას უნდა დაუბრუნდნენ.
12 აგვისტოს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების შესრულებაზე რუსული მხარე ამ დრომდე უარს აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე რუსეთთან თავდაუსხმელობის შესახებ დამატებითი ხელშეკრულების გაფორმებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა აფხაზეთის და ცხინვალის სეპარატისტულ რეჟიმებთან რაიმე სახის შეთანხმებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.