"კონსერვატიული პარტიის" ლიდერის და "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატის ზვიად ძიძიგური მტკიცებით, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ტელევიზიების ეთერით მის საწინააღმდეგო კომენტარებს აკეთებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან. ამის შესახებ ძიძიგურმა დღეს "კონსერვატორების" ოფისში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ძიძიგურის თქმით, ტელევიზიების მიერ ჩაწერილი მისი მეზობლები "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან და მის საწინააღმდეგო კომენტარებს ამიტომ აკეთებენ.
"კომენტარებს ვინც აძლევენ, ის ქალბატონები, ყველანი არიან "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წევრები. ჟურნალისტებს შეუძლიათ ამის გადამოწმება", - აღნიშნა ძიძიგურმა
მისივე თქმით, ის ახალგაზრდა "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც სხვადასხვა ტელევიზიებს განუცხადა, რომ ძიძიგურმა მათი მიმართულებით გაისროლა, მსგავს პროვოკაციებს წინა საპარლამენტო არჩევნების დროსაც ახორციელებდა.
"ის ყმაწვილი, რომელიც ასევე აძლევს კომენტარს, წინა არჩევნების დროსაც ჩემ წინააღმდეგ რაღაცეებს ლაპარაკობდა, რომ თურმე მე "დუბინკებსა" და "კასტეტებს" ვარიგებდი. როგორ შეიძლება 50 ადამიანის მიმართულებით 5-ჯერ გაისროლო და იქ სისხლი არ დაიღვაროს?! ეს არის ტყუილი.", - განაცხადა ძიძიგურმა.
"კონსერვატორების" ლიდერი პრეტენზიებს იმ ჟურნალისტებსაც უყენებს, რომლებიც გუშინ Eღამით, მისი სახლში კომენტარის ჩასაწერად მივიდნენ. ძიძიგური ყველა ჟურნალისტს მოუწოდებს, რომ მის სახლში ღამის 2 საათზე, წინასწარი გაფრთხილების გარეშე არ მივიდნენ.
"სახლში ნურავინ შემომივარდებით და ჩემ საძინებელ ოთახს ნუ გადაიღებთ. ეს, თქვენი საქმე არ არის", - განაცხადა ძიძიგურმა.