"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი მელაშვილის მტკიცებით, საარჩევნო სიებში მილიონზე მეტი არარსებული ამომრჩეველია.
როგორც მელაშვილმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 3 მლნ 600 ათასი ამომრჩეველი, რომელიც ამომრჩეველთა სიაში ირიცხება არარეალურია, რადგან იგივე რაოდენობის მოქალაქეებმა 1990 წელს ჩატარებულ არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, რის შემდეგაც დღემდე ქვეყნის მოსახლეობა ერთი მილიონით შემცირდა.
"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა 5 443 300 კაცს შეადგენდა, ხოლო რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა - 3 600 000-ს, დღეს კი საქართველოში 1 მლნ-ით ნაკლები - 4 400 000 მოქალაქე ცხოვრობს და ცესკ-ოს მონაცემებით, ამომრჩეველთა რაოდენობა კვლავ 3 600 000-ია. თუნდაც მხოლოდ ეს ციფრები ადასტურებს, რომ ამომრჩეველთა რიცხვი თითქმის 1 მლნ-ით ხელოვნურადაა გაზრდილი", - განაცხადა მელაშვილმა.
აღნიშნულ კონტექსტში, "ეროვნული ფორუმი" მოითხოვს ამომრჩეველთა ხელახალი რეგისტაცია ბიომეტრიული სურათების დამხარებით მოხდეს.
მელაშვილის აზრით, ეს არის გაყალბების ალბათობის მინიმუმამდე შემცირების ერთადერთი გზა.