საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, 2025 წლის აგვისტოში ალასკაზე გამართული შეხვედრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი თითქმის შეთანხმდნენ ისეთ წინადადებაზე, რომელიც უკრაინის იმ ტერიტორიების დათმობასაც გულისხმობდა, რომლებიც რუსეთს არ ჰქონდა ოკუპირებული.
მაკრონის თქმით, ამის შემდეგ ევროპელი ლიდერების დელეგაცია ვაშინგტონში ჩავიდა, რათა დაერწმუნებინა ამერიკული მხარე, რომ მსგავსი შეთანხმება მიუღებელი იყო.
„ალასკაში ტრამპისა და პუტინის შეხვედრისას თითქმის შეთანხმდნენ იმაზე, რომ უკრაინას უნდა დაეთმო ტერიტორიები, რომლებიც არც კი იყო ოკუპირებული. შემდეგ აგვისტოში დელეგაციით ჩავედით ვაშინგტონში, რათა გვეთქვა: „ეს შეუძლებელია“. მას შემდეგ დიდი გზა გავიარეთ. ეს გზა უკრაინელების გამარჯვებაა - მათი შესაძლებლობებისა და თავდაჯერებულობის გამარჯვება“, - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონი ასევე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ტერიტორიებთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინამ უნდა მიიღონ და არა სხვა ქვეყნებმა მათ ნაცვლად.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპულმა დელეგაციამ აშშ-ის პრეზიდენტს რეალური ვითარება დაანახა - უკრაინა აგრძელებდა ბრძოლას, ხოლო პროგნოზები, რომ ქვეყანა ზამთარს ვერ გადაიტანდა, უსაფუძვლო აღმოჩნდა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა დაინახა, რომ ყველაფერი, რასაც ეუბნებოდნენ - თითქოს უკრაინელები დამარცხდებოდნენ და ზამთარს ვერ გადაიტანდნენ, სიმართლე არ იყო. მან დაინახა, რომ მის წინ იდგნენ მამაცი და გამჭრიახი ადამიანები, რომლებსაც პატივს სცემს“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის თქმით, ტრამპმა ასევე დაინახა, რომ რუსეთი საკუთარ ვალდებულებებს არ ასრულებს.
„მან დაინახა, რომ რუსეთი არ იცავს ნაკისრ ვალდებულებებს და გააცნობიერა, რომ როდესაც მოსკოვი ამბობდა: „მშვიდობა გვინდა“, მათთვის მშვიდობა რეალურად უკრაინის კაპიტულაციას ნიშნავდა“, - განაცხადა მაკრონმა.