პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდა, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებისა და მათი მონაწილეობის გარეშე არ გამართონ.
„ბოლო, რაც ჩვენ გვინდა, არის ის, რომ დასავლეთ ევროპამ რუსეთთან მოლაპარაკებები აღმოსავლეთ ევროპელების გვერდის ავლით აწარმოოს. აღმოსავლეთ ევროპა და სკანდინავია ამ დისკუსიის მიღმა არ უნდა დარჩნენ. ჩვენ დაახლოებით 120 მილიონი ადამიანი ვართ. ფინეთს რუსეთთან საზღვარი აქვს, ნორვეგიასაც, ბალტიის ქვეყნებსაც, პოლონეთს კი რუსეთთან და უკრაინასთან აქვს საზღვარი“, - განაცხადა სიკორსკიმ 5 ნოემბერს ვარშავაში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას. ინფორმაციას Euronews ავრცელებს.
სიკორსკის თქმით, ევროპას პროცესში ლეგიტიმური წარმომადგენლობა სჭირდება, რადგან ომის შედეგებზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი სწორედ ევროპას ეკისრება და კონტინენტის უსაფრთხოებაც პირდაპირ არის დამოკიდებული მოლაპარაკებების შედეგებზე.
„ჩვენ ამ ომში გაცილებით დიდი ინტერესი გვაქვს, რადგან საქმე ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსები 2021 წლის ულტიმატუმებს უბრუნდებიან“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საგარეო პოლიტიკის ერთიანი წარმომადგენლობა ლისაბონის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ჩარჩოს უნდა დაეფუძნოს. მისი აზრით, პროცესში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული. სიკორსკიმ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებებში დიდი ბრიტანეთიც უნდა მონაწილეობდეს.
სიკორსკის განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის მონაწილეობით სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი მომავალ კვირას აბუ-დაბიში, ტექნიკურ დონეზე უნდა განახლდეს.
მანამდე, 27 ოქტომბერს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ სტუბმა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა იონას გარ სტორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართეს.
ამასთან, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას წერილი გაუგზავნა და მოითხოვა, რომ ევროკავშირმა განსაზღვროს, ვინ და რა მანდატით უნდა წარმოადგინოს მისი ინტერესები უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში. მელონის მიაჩნია, რომ სხვადასხვა ფორმატში სხვადასხვა წარმომადგენლის მონაწილეობა ევროკავშირის პოზიციას ასუსტებს.
სიკორსკიმ მელონის პოზიციას მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ევროპას მოლაპარაკებებში ერთიანი და ლეგიტიმური წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა კი ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, ყურადღებით იყვნენ პუტინის რეალური ზრახვების მიმართ და აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს რეალისტურად შეხედონ.
„ზამთარში პუტინს შესაძლოა შეთანხმების მიღწევის ნაკლები მოტივაცია ჰქონდეს“, - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის ხელისუფლება ასევე ეწინააღმდეგება რუსეთიდან ევროპაში გაზის მიწოდების განახლების იდეას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლებმა სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში წამოჭრეს. პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრმა მილოშ მოტიკამ ამ ინიციატივას „აბსურდული“ უწოდა და აღნიშნა, რომ რუსული გაზის შესყიდვის განახლება ევროპას კვლავ მოსკოვის ენერგეტიკულ შანტაჟზე დამოკიდებულს გახდის.