საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის გიორგი ახვლედიანის მტკიცებით, თბილისის მერობის მათი კანდიდატის გია ჭანტურიას რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე მას IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით აქვს.
"ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებით გია ჭანტურიას 15 %-იანი რეიტინგი აქვს, თუმცა ეს მაჩვენებელი რეალურად გაცილებით მაღალია. გასათვალისწინებელია ის, რომ IRI-იმ კვლევა ჩაატარა მარტის დასაწყისში, ანუ მაშინ, როცა ჩვენს მერობის კანდიდატს საარჩევნო კამპანია დაწყებული არ ჰქონია და მას საზოგადოება კარგად არ იცნობდა", - განუცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტებს აღნიშნული კვლევის შედეგებზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, ჭანტურიას რეიტინგი მზარდია და ეს მოსახლეობასთან შეხვედრებისას "დღითი დღე დასტურდება".
საერთო ჯამში, ახვლედიანი IRI-ის კვლევის შედეგებით კმაყოფილია და აცხადებს, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ერთადერთია, რომელსაც "ყველა მიმართულებით პოზიტიური ზრდა აქვს".
შეგახსენებთ, რომ ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა სოციოლოგიური გამოკითხვა გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე მაღალი რეიტინგი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მმართველ ძალას აქვს.
სოციოლოგიური გამოკითხვისთვისა თბილისში 800, ხოლო რეგიონებში 1000 რესპოდენტი გამოიკითხა. კვლევის შედეგები უკვე ყველა კვალიფიციურ პარტიას გადაეგზავნა.
სოციოლოგიური კვლევების შედეგად მოსახლეობაში ყველაზე მაღალი რეიტინგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" - 36% აქვს, "ქრისტიან დემოკრატებს" - 10%, "ლეიბორისტულ პარტიას" - 8%, "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები" - 6%, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 2%, "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" - 1%, "ეროვნულ დემოკრატიული პარტია" - 1% და არ მაქვს პასუხი - 35%.
საქართველო ყველაზე მეტად დღეს რომელი პრობლემის წინაშე დგას?
უმუშევრობა - 36%, ტერიტორიული მთლიანობა - 27%, ეკონომიკური ვითარება - 10%, ქართულ-რუსული ურთიერთობების მოგვარება - 4%, შიდა პოლიტიკური ვითარება - 2%, მშვიდობა - 2%, სოციალურ პრობლემები - 2%, ომის საშიშროება - 2%, არასტაბილური სიტუაცია - 2%, ჯანდაცვის სისტემა - 2% და მაღალი გადასახადები - 1%.
რუსულ აგრესიას ყველაზე კარგად ვის შეუძლია გაუკლავდეს?
მიხეილ სააკაშვილი - 33%, ირაკლი ალასანია - 10%, შალვა ნათელაშვილი - 9%, გიორგი თარგამაძე - 8%, ნინო ბურჯანაძე - 4%, ირაკლი ოქრუაშვილი - 3%, ზურაბ ნოღაიდელი - 3%
და არცერთი - 10%.
ვის შეუძლია ქვეყნის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანა?
მიხეილ სააკაშვილი - 34%, ირაკლი ალასანია - 10%, შალვა ნათელაშვილი - 9%, გიორგი თარგამაძე - 8%, ნინო ბურჯანაძე - 2%, ირაკლი ოქრუაშვილი - 2%, ვინმე სხვა - 3% და პასუხი არ მაქვს - 23%.
აღსანიშნავია, რომ სოციოლოგიური გამოკითხვის ორგანიზატორების მტკიცებით, აღნიშნულ მონაცემებში ცდომილება 2.3 % არ აჭარბებს. გამოკითხვა 3-12 მარტამდე ჩატარდა, რომელიც ამერიკის საერთაშორისო სააგენტომ დააფინანსა.