ქუთაისში, ნორვეგიის ტერაქტის დროს დაღუპული თამთა ლიპარტელიანი დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიაზე, ოჯახისთვის თანადგომის და სამძიმრის გამოსახატად საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისში ჩავიდა.
ანდრია პირველწოდებულის ტაძარში მისულ მიხეილ სააკაშვილს თამთა ლიპარტელიანის მამამ თანადგომისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
თამთა ლიპარტელიანის დაკრძალვაზე დღეს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, ქუთაისში ნორვეგიის სამეფოს ელჩი და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ჩავიდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა ქართველი გოგონას და კუნძულ უტოიაზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს არის დანაშაული, რომლისთვისაც ადეკვატური სასჯელის შეფარდება ძნელია. მიხეილ სააკაშვილმა დღეს ტრაგიკულად დაღუპული გოგონას თანატოლებსაც მიმართა.
ქუთაისი ნორვეგიის ტერაქტის დროს დაღუპულ გოგონას გლოვობს. ანდრია პირველწოდებულის ტაძართან დილიდან უამრავი ადამიანი შეიკრიბა. დაკრძალვამდე ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც ოჯახის ახლობლებთან და ნათესავებთან ერთად, ნორვეგიელი დიპლომატებიც დაესწრნენ. გლოვაა ოსლოშიც. ქვეყანაში დღეს ტერაქტის ყველაზე პატარა მსხვერპლი, 14 წლის შარიდინ ბონი დაასაფლავეს.