უკრაინა უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ ორ უნგრელ დიპლომატს აძევებს. მათ ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა.
„ჩვენ ახლახან მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და გადავეცით შესაბამისი ნოტა“, - თქვა სიბიჰამ.
სიბიჰამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა უნგრეთის ქმედებების საპასუხოდ მოქმედებს, ნაცვალგების პრინციპისა და ეროვნული ინტერესების საფუძველზე.
როგორც ცნობილია, პარასკევს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოავლინა უნგრეთის სამხედრო დაზვერვის აგენტების ქსელი, რომელიც კარპატისპირეთშუ ჯაშუშურ საქმიანობას ახორციელებდა.
ამის საპასუხოდ უნგრეთმა ქვეყნიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისთვის ჯაშუშობის ბრალდებით ორი უკრაინელი დიპლომატი გააძევა. განცხადება ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ გააკეთა.
"დღეს ჩვენ უნგრეთიდან ორი ჯაშუში გავაძევეთ, რომლებიც ბუდაპეშტში უკრაინის საელჩოში დიპლომატიური სტატუსით ინიღბებოდნენ". - თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.