უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხები განიხილა. საუბარი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის გამართული მოლაპარაკებების გაგრძელებას წარმოადგენდა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ერმაკის საუბარი ამერიკელ ოფიციალურ პირებთან შედგა „როგორც უკრაინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის გუშინდელი სატელეფონო საუბრისა და მათ მიერ განხილული საკითხების გაგრძელება“.
კერძოდ, ამერიკული მხრიდან საუბარს ესწრებოდნენ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, რომელიც ამავდროულად აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას იკავებს, ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და გენერალი კიტ კელოგი.
უკრაინულ მხარეს ასევე წარმოადგენდა თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
ეს რუბიოს პირველი სატელეფონო ზარი იყო მას შემდეგ, რაც ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დაინიშნა.
საუბრის მთავარი თემა იყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ომის დასრულების საკითხი.