აუტიზმის მქონე ბავშვის დედის ინფორმაციით, ის და მისი შვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით გეგმავდნენ გამგზავრებას, თუმცა, ისინი თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს.
თავდაპირველად, სოციალურ ქსელში ამის შესახებ ინფორმაცია „აუტიზმის ფონდის დამფუძნებელმა“ მარი კორკოტაძემ გაავრცელა, რომელიც აღნიშნავს, რომ გაფრენამდე ბავშვს ისტერიკა ჰქონდა, სასწრაფო გამოიძახეს და ექიმებმა დასტური მისცეს, რომ ბავშვი მშვიდადაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ, თუმცა, ის თვითმფრინავში მაინც არ აუშვეს.
მარი კორკოტაძის ინფორმაციით, ბავშვის დედა ამბობს, რომ საბერძნეთში ბავშვს თერაპია ეწყება და მისი ჩასვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
“ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავში მშვიდათაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.
ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიყავს ბავშვი.
ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი?”, - წერს მარი კორკოტაძე.
„ჯი-ეიჩ-ენი“ აუტიზმის მქონე ბავშვის დედას დაუკავშირდა. როგორც ნანა ანთიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბავშვი 20 წუთში დამშვიდდა, რეგისტრაციის დასრულებამდე ჯერ კიდევ 30 წუთი იყო დარჩენილი, თუმცა, მას ყურადღება არავინ მიაქცია.
მშობელი ამბობს, რომ რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილა ყველა, მათ შორის, “ვიზეარის” სათაო ოფისიც, თუმცა, არაფერი გაითვალისწინეს.
“აეროპორტში მითხრეს, რომ როცა ბავშვი დამშვიდდება, მერე მოდით რეგისტრაციაზეო. ბავშვი 20 წუთში დამშვიდდა, რეგისტრაციის დასრულებამდე 30 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ ქ.კ.-მ, რომელიც ბარგს იბარებდა, და მთელმა ადმინისტრაციამ დროზე ადრე დატოვა სარეგისტრაციო დარბაზი. არავინ ყურადღება არ მომაქცია. სასწრაფოს ექთანმა არამარტო წერილობით დაუდასტურა ხომალდის ეკიპაჟს, ბავშვი დაწყნარებულია და შეუძლია ფრენაო, არამედ ტელეფონითაც ესაუბრა, უბრალოდ არავინ არ მოვიდა. გადავისხამ ბენზინს და აეროპორტის წინ მოვიკლავ თავს, მეტი გზა აღარ მაქვს, აღარ შეიძლება ასეთი სიტუაცია. 1 კვირით ადრე გავაფრთხილე ყველა, აეროპორტში მივედი და ადმინისტრაცია გავაფრთხილე, აეროპორტიდან ადმინისტრაციას დავარეკინე „ვიზეარის“ სათაო ოფისში, უნგრეთში, რომ იმათაც სცოდნოდათ ჩემი მდგომარეობა, არაფერი გათვალისწინებული არ იქნა. პასუხი ვერ მივიღე, რეგისტრაციის დამთავრებამდე გავიდა ყველა, პასუხი არ მითხრეს. ვეუბნებოდი, დამშვიდდა, მოდით, ნახეთ და არავინ არ მომაქცია ყურადღება“, - ამბობს ნანა ანთიძე, რომელიც აქვე აღნიშნავს, რომ 26-ში კვლავ გეგმავს გამგაზვრებას და იმედი აქვს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება, რადგან ბავშვის საბერძნეთში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.
„ჯი-ეიჩ-ენი“ "აეროპორტების გაერთიანებას" დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ვიდეოჩანაწერების ამოღება და განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.